კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „რუსთავმა” ტოჩინოშინის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე ქართული კულტურა წარადგინა

იაპონიაში ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის), კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა” ქართული კულტურა წარადგინა და ქართული მრავალხმიანობის ბრწყინვალე ჟღერადობითა და ვირტუოზული შესრულებით უცხოელი მაყურებელი გააოცა. საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა ანსამბლ „რუსთავისა” და იაპონელ მოყვარულთა გუნდ „გეინო-იამაშიროგუმის” ერთობლივად შესრულებულმა ქართულმა „მრავალჟამიერმა”.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე, რომელიც იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტოკიოში ყველაზე მაღალ ადგილას, „აზაბუდაი ჰილს მორი თაუერში” გაიმართა, საზოგადოებას მიმართეს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავამ, საქართველოში იაპონიის ყოფილმა ელჩმა და ამჟამად საქართველო-იაპონიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ტადაჰარუ უეჰარამ. მათ ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებასა და ტოჩინოშინს ვიდეომიმართვით მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ილია დარჩიაშვილი და სუმოს ქართველი გულშემატკივრები.
იოსებ ბაღათურიამ მიმართვისას აღნიშნა, რომ ლევან გორგაძემ საქართველოში სუმოს პოპულარიზაციასა და ქართულ-იაპონური ურთიერთობის გამტკიცებაში დიდი როლი შეასრულა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით მას მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები