ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: არაკომპეტენტურ კითხვებს სვამენ, თავადაც იციან, რომ არასწორს ამბობენ, მავნებლობენ
არაკომპეტენტურ კითხვებს სვამენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თავადაც იციან, რომ არასწორს ამბობენ, მავნებლობენ. არაერთი კოლეგაა ამაში შემჩნეული „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ნეონაცებიდან“, რომელშიც შედის „ლელო“, გახარიები და ა.შ.,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ
განაცხადა.
ზარქუამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„საპარლამენტო საქმიანობა დღეს კომიტეტებით გაიხსნა. გაერთიანებულ კომიტეტებზე ხდება ცალკეული მინისტრების მოსმენა სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. რასაც ვაკვირდები, არაკომპეტენტურ კითხვებს სვამენ [ოპოზიციის წარმომადგენლები]. თავადაც იციან, რომ არასწორს ამბობენ, მავნებლობენ. არაერთი კოლეგაა ამაში შემჩნეული „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ნეონაცებიდან“, რომელშიც შედის „ლელო“, გახარიები და ა.შ. ვინ დამარწმუნებს, რომ სამადაშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ბრიუსელში ჩადიოდა და ამტკიცებდა, [საქართველო] არ არის მზადო. ეს ხელმოცარულები იმაზე გადავიდნენ ახლა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ახალი პროპაგანდა, შავი პიარი ააგორეს თავიანთი ჭკუით დღეს, რომ ტროტუარი ჩავარდა წერეთელზეო. ტროტუარი ჯერ არ გაკეთებულა, დაწყებულიც არ აქვთ, რეაბილიტაციის მეორე ნაწილში შედის. რომ შევისწავლეთ ვიდეო, აღმოჩნდა, რომ უცხოეთშია სადღაც. ასეთი მცდელობებია და ეს არის მათი ხელწერა. ვინ გაუტარებს ამას“, – აღნიშნა ზარქუამ “ქრონიკის” ეთერში.