რატი ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით განაჩენი დამდგარია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღვასრულოთ სასჯელი
სააკაშვილთან დაკავშირებით განაჩენი დამდგარია და ჩვენ გვაქვს ვალდებულება, აღვასრულოთ სასჯელი, შეგრძნებების თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე არ ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ექიმებისგან იქნება დასტური, რომ გადაყვანა რეკომენდებულია.
„ჩემი მოსაზრება არ არის, ექიმების შეფასებაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თითოეულ ჩვენგანს უხარია. მოწადინებული ვართ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში. რაც შეეხება გადაყვანის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც გვექნება დასტური ექიმებისგან, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა რეკომენდებულია. ხშირად გვაქვს ექიმებთან კომუნიკაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.