გიული ალასანია – სააკაშვილზე: სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება

პატიმარი ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა.

“დღეში ორჯერ დავდივარ და ყოველთვის ერთ მდგომარეობაში მხვდება. არის სუსტად. ყველაფერი, რაც წერია იქ, სწორია, უბრალოდ, საქმე ის არის, რომ წელიწადი და 9 თვეა ადამიანი აი, აქ, “ვივა-მედშია” მოთავსებული, სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება და არავითარი ნიშნები საიმისო, რომ განიკურნება ეს ადამიანი, არ ჩანს ჯერჯერობით. დასკვნა ის არის, რაც არის სინამდვილეში. მე ვენდობი, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან ის ექიმები, რომლებიც დადიან, რა თქმა უნდა, სანდოა ეს ყველაფერი, მაგრამ არ არის ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი, იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ეს ადამიანი აქ მორჩეს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ნელი სიკვდილი აქვს მას მისჯილი”, – აცხადებს გიული ალასანია.

ცნობისთვის, ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია: “ამჟამად, სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებასა და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

კონსილიუმის აზრით, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწად-ნახევარზე მეტია, იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა, ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იმავე ხარისხისაა.

შესაბამისად, კონსილიუმი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას მყარი დადებითი პროგნოზები იქნეს გაკეთებული.

ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები