მაკა ბოჭორიშვილი: ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გზა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობამდე უნდა გაიაროს, არც სწრაფია და არც მარტივი.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.

“ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა. პარლამენტების როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გამორჩეულია. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პარლამენტის წევრები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ამ ფორმატში, რომ საფუძველი ჩავუყაროთ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტებს შორის პოლიტიკურ დიალოგს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი წარმატებული შეხვედრა წინ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ამ იდეის მხარდაჭერისთვის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის განსაკუთრებული გულშემატკივარია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები