მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ფოსტა, ბანკები – ფინეთში ორდღიანი მასშტაბური გაფიცვა დაიწყო
ფინეთში ორდღიანი ფართომასშტაბიანი გაფიცვაა, რომელიც ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების, თითქმის, ყველა სფეროს შეეხება.
ქვეყნის მოქალაქეები შრომის კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებენ. კერძოდ, 2023 წლის ივნისის ბოლოს ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის შრომის ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გაეხადა. ამ მიზნისთვის ახალი პროგრამა წარადგინეს. უკვე 16 იანვარს მინისტრთა კაბინეტმა წარადგინა კანონპროექტი ეკონომიკის საექსპორტო სექტორებში ხელფასების ზრდის შეზღუდვის შესახებ. მოსალოდნელია, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები 1-ლი დეკემბრიდან შევა. ასევე, ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის მიიღება კანონები, რომლებიც ქვეყანაში პროფკავშირების როლს შეამცირებს.
გაფიცვა შეეხება საჰაერო მოძრაობას, სასურსათო მაღაზიებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, ფოსტას, ბანკებს, ტრანსპორტსა და მრეწველობას. ყველა ეს სეგმენტი გაჩერებულია.
Finnair-მა 500 რეისი უკვე გააუქმა. აეროპორტის ოპერატორის Finavia-ს ცნობით, სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლა, თითქმის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ამასთანავე, თავდაცვის ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
გაჩერებულია – ავტობუსები, მატარებლები, მეტრო, ტრამვაი. ასევე, გაფიცვაში არიან ჩართული ნავსადგური და მათი თანამშრომლები.