“ის პრეზიდენტის მენეჯერია” – პოდოლიაკი ზალუჟნის შესაძლო, გათავისუფლებაზე
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო, გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საზოგადოების რეაქცია „უცნაურად გამოიყურება“.
ამის შესახებ მან ტელეარხ „ჩვენ ვართ უკრაინა“-ს ეთერში თქვა.
„შეიძლება იყოს თუ არა დისკუსია? ჩემთვის ეს საერთოდ უცნაურად გამოიყურება. ის პრეზიდენტის ვერტიკალია, ის არის პრეზიდენტის მენეჯერი – მთავარსარდალს ვგულისხმობ. ის არის დაკავებული ომით მთავარსარდლის ფორმატში. რა თქმა უნდა, მას შეუძლია მიმართოს გარკვეულ ქვეშევრდომებს, დაუსახოს მათ გარკვეული ამოცანები, მიიღოს გარკვეული შედეგები, შეაფასოს ეს შედეგები და ა.შ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის არ მესმოდა რაშია პრობლემა. ეს პოლიტიკური პროცესი ხომ არ არის, პოლიტიკური კონკურენცია არ არის, ეს ომია”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მანვე აღნიშნა, რომ ომის დროს საჭიროა შეფასდეს ის, რაც ხდება, გარკვეული ქმედებების გაგრძელების ეფექტურობა, „ხვალინდელი ან ზეგინდელი გეგმები“ და სხვა. მისივე თქმით, ეს სრულიად ნორმალური პროცესია.
”მაგრამ ორშაბათს ჩვენ ვნახეთ საუბრები არა იმდენად ომზე, არამედ პოლიტიკურ კონკურენციაზე. ჩემთვის ეს ზოგადად უცნაურია, რადგან ომის დროს პოლიტიკური კონკურენცია გენერლების და პოლიტიკის დონეზე, არც ისე კარგად გამოიყურება. ამავდროულად, ხომ არსებობს ამ ინფორმაციის ოფიციალური უარყოფა. შემდეგ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ რაიმე ცვლილებები იქნება, ამაზე ვისაუბრებთ. ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ არის”, – დასძინა მან.