აგრარულ საკითხთა კომიტეტში თემატური მოკვლევის დასკვნის პროექტსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში – კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში” – ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოკვლევის დასკვნის პროექტსა და რეკომენდაციებზე დაინტერესებულ პირებთან ერთად იმსჯელეს.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განმარტა, მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.

„სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ახორციელებს და სოფლის მეურნეობა ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებასა და პროგრამებზე არის დამოკიდებული, თუმცა, რა თქმა უნდა, პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ სექტორს კერძო ფინანსებზეც ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. ამ კუთხით საქართველოშიც შეიმჩნევა გარკვეულწილად შეფერხებები და პრობლემები, რაც გამოიკვეთა კიდეც თემატური მოკვლევის პროცესში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, მოკვლევის პროცესში შეხვედრები გაიმართა ფერმერებთან, დარგობრივი ასოციაციების და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და განისაზღვრა ის ძირითადი საკითხები, რომლის გადაწყვეტამაც აგრომეწარმეებისთვის კერძო ფინანსებზე წვდომას უნდა შეუწყოს ხელი.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოვლენილ მიგნებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები მიმართული იქნება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისადმი, ასევე კერძო სექტორისადმი.

შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.

 

თემატური მოკვლევის ჯგუფის ექსპერტმა ილია თამარაშვილმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ძირითადი აქცენტები სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებზე გააკეთა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, დარგობრივი ასოციაციების, საფინანსო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

თემატური მოკვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები