შალვა პაპუაშვილი: პრემიერმინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის
“პრემიერმინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.
მისივე თქმით, კობახიძე პოლიტიკური პროცესების მართვაში მთავარი აქტორია.
„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ, მისი სახით, აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერმინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერმინისტრი. ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშია. როცა პრემიერმინისტრი პარლამენტის ყოფილი წევრია, ეს ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ურთიერთობას. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.