ISW: უკრაინის არმია ნატოს სტანდარტებზე სწრაფი ტემპებით გადადის
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. უკრაინას პარტნიორები საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აშენებაში ეხმარებიან.
ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა.
კერძოდ იმას, რომ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის იანვრამდე უკრაინამ ნატოს 18-ზე მეტი სტანდარტი დანერგა – პერსონალის დაცვის; საზღვაო ძალების საკომუნიკაციო მომზადების; ასევე, საინფორმაციო და სატრანსპორტო სისტემების პროცედურების კუთხით.
ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დასავლელი პარტნიორები საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის შესაქმნელად უკრაინის მხარდასაჭერად ძალისხმევას აგრძელებენ. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ გერმანული იარაღის მწარმოებელი Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია გერმანიაში საბრძოლო მასალის წარმოების ახალ ქარხანას აშენებს. კომპანია დაკავებული იქნება „მიწოდების სტრატეგიული უსაფრთხოებით“ და უკრაინაში უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.
„პაპერგერმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს Rheinmetall-მა ფედერალური მთავრობისგან 10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დაკვეთა გერმანიისა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიიღო და რომ ეს თანხა, სავარაუდოდ, 2024 წელს 15 მილიარდ ევრომდე გაიზრდება“, – წერია ISW-ის მოხსენებაში.