მიხეილ სარჯველაძე: „ლელოსთვის“ პრიორიტეტულია მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება
„ლელოსთვის“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ დაესწრო.
მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება სამწუხაროა.
„ბოლო პერიოდში ეს არის სანიმუშო დესტრუქციული დამოკიდებულება. თუ რაიმე სათქმელი და გეგმა აქვთ, ხელი რამ შეუშალათ, რომ შეხვედრაზე მოსულიყვნენ და აქ ესაუბრათ? ნათელია, რომ „ლელოსთვისაც“ პრიორიტეტულია პროცესის დაზიანება და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესის გატარება, თუნდაც, ამას ეწირებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი. სამწუხაროდ, ასეთია მათი დამოკიდებულება. რაც შეეხება შეხვედრას, ამ ფორმატმა გაამართლა, რადგან შეხვედრა შედგა და შესაძლებლობა გაჩნდა, ყველამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. თუ ვინმე იდეებს მოისაკლისებს, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა. მიუხედავად იმისა, ვის რამდენად ეხალისებოდა დილის დაწყება, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ყველამ, ვისაც პროცესში ჩართულობა უნდა, ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს რეკომენდაციების შესრულებაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.