მერია წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიას დააწესებს
მომავალი წლიდან დედაქალაქის მერია წარჩინებული სტუდენტებისთვის სპეციალურ სტიპენდიას დააწესებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტუდენტებს ვარდების მოედანზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას აუწყა.
„მიიღეთ მონაწილეობა ამ კონკურენტულ ბრძოლაში და მოიპოვეთ მერიის სპეციალური სტიპენდია“, – მოუწოდა სტუდენტებს თბილისის მერმა, რომელმაც სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წელი და წარმატებები უსურვა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დღეს საზღვარგარეთის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაღრმავების უფრო მეტი შესაძლებლობებია, რასაც აქტიურად უჭერეს მხარს ბიზნესსექტორი.
თბილისის მერმა წინასაარჩევნო დანაპირების დაწყების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც თანამედროვე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება. მისი თქმით, ეს იქნება სივრცე, სადაც ჩატარდება სტუდენტური კონფერენციები, ტრენინგები, გამოფენები დ სხვა. თბილისის მერი კონცერტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად დაესწრო.