საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებსა და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრს ექნება პოლიტიკური შეხვედრები და, პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში.
„ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა, საქართველო გამოჩნდეს და მოხდეს ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება. შესაბამისად, საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველთვის იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, მან გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები კოლეგებსა და ლიდერებთან, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოთი დაინტერესებულ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს პრემიერმინისტრი ორივე მიმართულებით გამართავს შეხვედრებს. იქნება პოლიტიკური შეხვედრები და, პარალელურად, იქნება შესაძლებლობა, რომ მან მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხება როგორც ევროპას, ევროკავშირს, არსებულ გამოწვევებს ზოგადად. დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან საინტერესო, შედეგიანი დისკუსიები და საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერმინისტრი, წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას. ქვეყანამ, რომელმაც მოიპოვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მის მიმართ გაზრდილია ინტერესი სხვადასვა საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების მხრიდან, რადგანაც ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდა და სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში პრმიერმინისტრის გამართული შეხვედრები მოემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და განახორციელონ ინვესტიციები”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.