ეროვნული ბანკი: საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი ჩარჩო ამოქმედდება
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი ჩარჩო ამოქმედდება.
“საქართველოს პარლამენტმა ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის – სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
კანონი არეგულირებს ბიზნეს სუბიექტების მიერ გრძელვადიანი ფულადი აქტივების (მომხმარებლებისგან სამომავლოდ მისაღები თანხების) ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნას ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით. ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ამასთან ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.
ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენისა და ინვესტორთათვის ახალი საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზების მიზნით. სტრუქტურული დაფინანსების (structured finance) პროდუქტების ჭრილში აღსანიშნავია 2022 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ” კანონი, რომელიც კომერციული ბანკების მიერ იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას არეგულირებს.
სეკიურიტიზაციის მექანიზმის დანერგვა ამ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.
კანონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა და იგი საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. კერძოდ, კანონში გაზიარებულია განვითარებული სეკიურიტიზაციის ბაზრის მქონე ისეთი იურისდიქციის მიდგომები, როგორიცაა ლუქსემბურგი, აგრეთვე კანონში გათვალისწინებულია ევროკავშირში მოქმედი სეკიურიტიზაციის შესახებ რეგულაციის პრინციპები და ძირითადი დებულებები. კანონის მომზადების პროცესში აქტიური მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გასწია.
საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.