დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა
“რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები.
„ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში შექმნეს კიდევაც – მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული. ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელებისა და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის და ეს არაა პირველი მცდელობა, გადაფარონ დღესასწაული. რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე. სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული – ეს ხალხი ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი სათანადოდ იქნება მხილებული“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, სამების ტაძარში ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, გუშინ საღებავი შეასხეს. აღნიშნული, სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განახორციელა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს ფერაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამებაში მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.