„ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება ბიზნესისთვის დადებითი სიახლეა” – ირაკლი მაკალათია

სემეკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა.

მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნული ტარიფები მომდევნო 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ტარიფების შემცირებას ბიზნესისთვის დადებითად აფასებენ ეკონომისტები. ეკონომიკის დოქტორის, ირაკლი მაკალათიას განცხადებით, ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფები ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, რომ სხვა ტარიფები დააბალანსოს, რაც ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ირაკლი მაკალათია ასევე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არაა და ასევე აუცილებელია, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ჰესი აშენდეს, რაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„რასაკვირველია, ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება ბიზნესისთვის დადებითი სიახლეა, რადგან წარმოების პროცესში ენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ წელს ბიზნესს სხვა ტარიფები გაეზარდა, ელექტროენერგიაზე ფასების კლებას დამაბალანსებელი ეფექტი ექნება. სწორედ ამას აღნიშნავს სხვადასხვა ბისნეს სექტორის წარმომადგენელიც. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არაა და ელექტროენერგიის ბაზარზე ფასების სტაბილურობისთვის აუცილებელია ჰესები უფრო აქტიურად შენდებოდეს“, – აცხადებს ირაკლი მაკალათია.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სემეკის ინფორმაციით, „თელმიკოს“, ისე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასები ელექტროენერგიაზე შემდეგნაირად შემცირდა:
„თელმიკოს“ კომერციული მომხმარებლისთვის ფასების შემცირება:
• მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.96%-ით;
• საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.12%-ით;
• დაბალი ძაბვა (0.4კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.11%-ით;
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ფასების შემცირება:
• მაღალი ძაბვა (110-35 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 10.61%-ით;
• საშუალო ძაბვა (10-6-3.3 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.71%-ით;
• დაბალი ძაბვა (0.4 კვ ძაბვა) – ტარიფის შემცირება 9.39%-ით;

წყარო: energynews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები