ამირან გამყრელიძე: პანდემია არსად გამქრალა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება
პანდემია არსად გამქრალა, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გრიპით და რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსებით მოწყვლადია ბავშვთა ასაკი, განსაკუთრებით, 5 წლამდე და ასევე, ხანდაზმულები – 60 წლის ასაკის ზემოთ.
„დიახ, პანდემია დასრულდა, მაგრამ ის არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ის ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა.
გავრცელების თვალსაზრისით წინა „პლანზე“ არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტს აავადებს. შემდეგ მოდის რესპირატორულ-სინიციტიური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი. უჩვეულო არაფერი ხდება. წინა 3 წლის განმავლობაში კორონავირუსი „ჩაგრავდა“ გრიპის ვირუსს, დღეს წინა „პლანზეა“ გრიპი, ძირითადად A-ტიპის და H1N1-ი, რომელიც „ღორის გრიპის“ სახელით არის ცნობილი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.