ამირან გამყრელიძე: გავრცელებულია A ტიპის ვირუსი და ე.წ. ღორის გრიპი – განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ საყურადღებოა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ძირითადად სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს – კორონავირუსი, გრიპის ვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი.

მისი თქმით, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ საყურადღებოა.

„ზამთარი რესპირატორული ინფექციების სეზონია. ამ დროს სხვადასხვა პერიოდულობით იმატებს სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ინფექციები, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი. ასევე, ბოლო სამი წელიწადია, პანდემიის დროს და მის შემდეგ, საყურადღებოა კორონავირუსი. ასევე, ძალიან საყურადღებოა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი. ამ სამის გარდა, ადენოვირუსი, რინოვირუსიც, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ. მოგეხსენებათ, ბოლო სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო იყო კორონავირუსული ინფექცია, რომელმაც დიდი პანდემია გამოიწვია, რაც ბოლო ას წელიწადში არ ყოფილა და სამწუხაროდ, ძალიან დიდი ავადობით და მსხვერპლით.

გრიპის ვირუსი უფრო მეტს აავადებს ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც. შემდეგ თავისი გავრცელებით მოდის რესპირატორულ-სენციტიალური ვირუსი, შემდეგ უკვე კორონავირუსი.

უჩვეულო არაფერი არ ხდება. მსგავსი ვითარება ზამთარში ყოველთვის გვქონდა ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ვირუსის პრევალირებით. წინა სამი წლის განმავლობაში კორონავირუსი ჩაგრავდა გრიპის ვირუსს, ის უფრო არ ჩანდა ხოლმე. აქტიურად ვიყენებდით პირბადეს და ნაკლები იყო გრიპის ვირუსის გამოვლინება. დღეს წინა „პლანზეა“ უფრო გრიპის ვირუსი, ძირითადად A ტიპის და ე.წ. H1N1, რომელიც ხალხი ღორის გრიპის ვირუსადაა ცნობილი. ამ ვირუსებისთვის მოწყვლადია ბავშვის ასაკი და ასევე ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები