ექიმი – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე: პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მასთან საბადრაგო სამსახურია
„ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგის, ნინო ცეცხლაშვილის განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ვარკეთილში ცოლი მოკლა, სტაბილურია.
თუმცა, ექიმი ამბობს, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტის დაკითხვა დღეს არ მოხდება.
„პაციენტი კვლავ რეანიმაციაში იმყოფება, გუშინ მას კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის ჭრილობა იყო, რომელიც გაიკერა. ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური რჩება, გაუარესების გარეშე. პაციენტის დაკითხვა არ მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რეანიამაციაში სავარაუდოდ ხვალამდე დარჩება. მასთან საბადრაგო სამსახურია“, – აცხადებს ექიმი.
ცნობისთვის, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.