COVID-ის და სეზონური გრიპის შემთხვევების მატების ფონზე, ევროკავშირში ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსი და მისი სხვადასხვა ვარიანტი სულ უფრო ხშირად ცირკულირებენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

”COVID-სგან მნიშვნელოვან დაცვად ვაქცინაცია რჩება, განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველებისთვის. ეს ხაზგასმით აღვნიშნე წერილში, რომელიც სექტემბერში ყველა ჯანდაცვის მინისტრს გავუგზავნე და ვთქვი, რომ COVID-სგან და სეზონური გრიპისგან ვაქცინაციაა აუცილებელი,” – თქვა კირიაკიდესმა.

მისი თქმით, ევროკავშირში საჭიროა ტესტირება, თანმიმდევრულობა, აღრიცხვიანობა და კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

”ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ვირუსების მონიტორინგი და ერთმანეთის დაცვა”, – თქვა კირიაკიდესმა.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს,  უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა COVID-ის შემთხვევების მატებას განიცდის.

უცხოური მედია წერს, რომ ხორვატიაში 2023 წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით COVID-თან დაკავშირებული 68 გარდაცვალება დაფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთში ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, ყოველკვირეულად 80 გარდაცვალებას ვარაუდობენ.

იტალიაში კი 2023 წლის ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის და COVID-ის შემთხვევებმა რეკორდს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები