“მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის, ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ” – გოგიტა თოდრაძე
“მოსახლეობის აღწერა არჩევნებთან კავშირში არ არის – ჩვენ არავითარ პოლიტიკურ აქტივობაში არ შევალთ”, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ჩვენი თითოეული ქმედება მიმართულია იქით, მომხმარებლებში გავამყაროთ რწმენა, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი, ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული ნებისმიერი პირისგან განყენებული. შესაბამისად, თუ ჩვენ რაიმე კვლევას ჩავატარებთ, ის არავითარ შემთხვევაში არ გახდება საფუძველი არანაირი პოლიტიკური აქტივობისა, შესაბამისად, არჩევნებთან არანაირი შემხებლობა არ გვექნება. 2023 წლის განმავლობაში ჩვენ შემოვიარეთ პრაქტიკულად, ყველა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და რაიონი.
მოვახდინეთ ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება და იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ მუდმივად, დროებით თუ ა.შ. ეს იყო აუცილებელი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ 2024 წელს მოსახლეობის აღწერას შევხვდეთ მომზადებულები. ახლა აქტიურად ვმუშაობთ კითხვარზე და მეთოდოლოგიაზე, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად. აღწერა ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში. დაახლოებით, 6 თვეში, 2025 წლის ივნისში, წინასწარ შედეგებს გავასაჯაროებთ, შემდეგ კი, აღწერის ჩატარებიდან არაუგვიანეს 18 თვეში, დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ,” – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.