ნოდარ პაპუკაშვილი – პრემიერის ანგარიშზე: მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო დებს დიდ ფინანსურ რესურსს პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნოდარ პაპუკაშვილი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის საქმიანობის ანგარიშს აფასებს.

როგორც მან “კვირასთან” საუბარში აღნიშნა, მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ხაზგასმული იყო განათლების მიმართულებით არსებული პრიორიტეტული საკითხები.

“შესანიშნავი გამოსვლა იყო, მათ შორის, განათლების მიმართულებით, რომელიც შეეხებოდა როგორც ზოგად განათლებას, ასევე, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. ძალიან მკაფიოდ იქნა ხაზგასმული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თაობაზე, მასწავლებლის ანაზღაურებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში. ხაზი გაესვა ასევე მასწავლებლის პროფესიის დაფასებას, როდესაც განათლების სამინისტრომ შემოიღო მასწავლებლის ეროვნული პრემია და დააწესა მასწავლებლის ეროვნული დღე მნიშვნელოვანია ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაც”, – აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ სხვა პროგრესსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო დებს დიდ ფინანსურ რესურსს აღნიშნული პროექტების განხორციელებაში

“პრემიერის გამოსვლაში ხაზგასმული იყო ასევე პროფესიული განათლების თაობაზეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც განათლების და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა გიორგი ამილახვარი, მან პრიორიტეტად დაასახელა ეს მიმართულება.
პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მინდა, გამოვყო რამდენიმე ასპექტი, პირველ ყოვლისა, ეს არის კერძო სექტორისთვის შეთავაზება, რაც ნიშნავს იმას, რომ მორგებულ იქნეს შრომის ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროფესიები, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მოთხოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო დებს დიდ ფინანსურ რესურსს აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.

გვერდს ვერ ავუვლი კვალიფიკაციების გადახედვის საკითხს. საჭირო კვალიფიკაციები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იქნეს შემოღებული. მოკლედ, გვაქვს დიდი გეგმები, რომლებიც განხორციელების პროცესშია”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნოდარ პაპუკაშვილი უმაღლესი განათლების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემამ საერთაშორისო საკრედიტაციო ორგანოსგან მორიგი წარმატებული შეფასება დაიმსახურა.

“ჩვენმა უმაღლესი განათლების სისტემამ მორიგი წარმატებული შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოს მხრიდან. გარდა ამისა, გაორმაგდა სტიპენდიები 150-დან 300ბლარამდე. ასევე, გაიზარდა სტიპენდიის მიმღები სტუდენტების რიცხვი 5000-მდე. გარდა ამისა, ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები სტუდენტთა მიმართ არ დაფიქსირებულა ათწლეულების განმავლობაში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ფინანსური პრობლემების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ჩამოეწერა დავალიანება და ისინი თავისუფლად შეძლებენ გააგრძელონ სწავლა”, – აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პრემიერმინისტრმა გუშინ მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები