თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული უპრეცედენტო მნიშვნელობის რეფორმები ვერ შედგებოდა ძალიან მაღალი პოლიტიკური ნებისა და დიდი სამთავრობო მხარდაჭერის გარეშე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ, მთავრობის საქმიანობის ანგარიშს აფასებს.
როგორც გაბუნია “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, ჯანდაცვის სფეროში გასულ წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური რეფორმები გატარდა, რაც ვერ მოხდებოდა, რომ არა პოლიტიკური ნება და დიდი სამთავრობო მხარდაჭერა.

“ჯანდაცვის სექტორში გასულ წელს ჩატარდა უპრეცენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმები, რამაც რეალურად, შეიტანა გარდატეხა როგორც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარების კუთხით. ამგვარად, ეს წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეფორმების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი სტრატეგიულად მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად, რისკენაც ბევრი ქვეყანა მიდის 2030 წლისთვის.
აღნიშნული რეფორმები, თავისთავად, ვერ შედგებოდა ძალიან მაღალი პოლიტიკური ნების სამთავრობო ფონდის დიდი მხარდაჭერის გარეშე, მაღალი კოორდინაციის ხარისხით და, რა თქმა უნდა, ჩართულობით, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე – სხვა პროცესში მონაწილე დაინტერესებული მხარეების მხრიდან”, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი მოქალაქეზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფაა.
“აქცენტი, რაც გაკეთდა პრემიერის მოხსენებაში, არის მოქალაქეზე ორიენტაცია და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას მისცემს ჯანმრთელობის შენარჩუნების და გაუმჯობესების შესაძლებლობას. სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმა, რაც არის წამლის ფასის რეგულირებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართული, რეფორმა – რომელიც არის ჰოსპიტალური სექტორის ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული, DRG სისტემის დანერგვა, ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების დანერგვა, საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემის შემოტანა ჯანდაცვის სისტემაში და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შექმნის გარანტიებს იმისთვის, რომ სისტემა გახდეს მეტად ადამიანზე ორიენტირებული და მორგებული მის საჭიროებებზე”, – აღნიშნა გაბუნიამ.
რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტის ზრდას, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბიუჯეტის ზრდა ხმარდება იმ მიმართულებებს, რაც ქვეყანაში ადამიანთა ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას უწყობს ხელს.

“ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება იმისთვის, რომ უკეთესად მოვიცვათ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რაც მოსახლეობას აქვს როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური კუთხით. კერძოდ ქრონიკული დაავადებების მართვის ნაწილში მნიშვნელოვანია, მედიკამენტი ჰქონდეს ადამიანს, განსაკუთრებით – საპენსიო ასაკის ადამიანს და მათ, ვისაც სოციალური მდგომარეობის გამო თავად უჭირთ მედიკამენტის ყიდვა. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მზარდი ბიუჯეტის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.
ასევე, არის მთელი რიგი საჭიროებები იშვიათი დაავადებების და შუა ვერტიკალური პროგრამების კუთხით, მათ შორის, ორსულთა მკურნალობის გაფართოება, გათვალისწინებულია ფსიქოლოგის ვიზიტის დამატება.
მთელი რიგი პროგრამები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადრე გამოვლინდეს გარკვეული დაავადებები და ამაზე დაკვირვების შედეგად გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გახანგრძლივდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ რამდენად სწრაფად ექნება მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან სერვისზე როგორც სოფლად, ასევე – ქალაქში, მიიღოს მაღალტექნოლოგიური ჩარევა და
ბიუჯეტის ზრდა ხმარდება ამ მიმართულებებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, პრემიერმინისტრმა გუშინ მთავრობის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.