“უნდა გვახსოვდეს, რომ ნაძვის არ მხოლოდ გადაჭრა, არამედ მისთვის ტოტის მოტეხვაც ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური გარემოსთვის დამაზიანებელია” – წინასაახალწლოდ წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრებულია
წინასაახალწლოდ წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი გამკაცრდა. ამის შესახებ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
“სანქციები გამკაცრებულია. მაგალითისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ერთი ერთეული ხის მოჭრა პირობითად თუ აქამდე სანქციით ისჯებოდა, რომელიც 1 000-ლარიან ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა ის უკვე 2 000 ლარამდეა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში 2 000- ლარიანი სანქცია იყო, ახლა უკვე 5000 – ლარიანი სანქცია გვაქვს. როცა ხის უკანონო მოპოვება ხდება, ანგარიშდება ზიანი – ერთი ხის მოჭრით რა ზიანი მიადგა გარემოს. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს.
ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ ჯარიმების ოდენობამ მოიმატა, ასევე კონტროლმაც იმატა. საახალწლო პერიოდი მოდის და ამ დროს საახალწლო ნაძვის ხეებთან დაკავშირებით უკანონო ჭრების კონტროლი განსაკუთრებით სენსიტიურია.
საახალწლო ნაძვის ხეებთან დაკავშირებით ბოლო წლების მაჩვენებელი აჩვენებს, რომ უკანონოდ ნაძვის ხეების ჭრა ნელ-ნელა მცირდება. ხელოვნურმა ნაძვის ხეებმა ბაზარზე თავისი წილი დაიკავა და ამ მიმართულებით პროგრესია. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ფაქტები, როცა ხელოვნური ნაძვის ხეების ნაცვლად ბუნებრივი ნაძვის ხეების მოპოვება და საახალწლოდ მცირე, 1 -თვიანი ან ორკვირიანი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით მათი გამოყენება ხდება. ამ მიმართულებით ეს საკითხი სიმწვავეს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული მზადყოფნითაა ჩართული და ეს მიმართულება განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.
წელს ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ნაძვის ხეების უკანონოდ მოპოვების შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა, ეს პერიოდი აქტიურ ფაზაში ახლა შედის და ამ მიმართულებით კონტროლს მაქსიმალურად ვამკაცრებთ, რათა მსგავსი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა დავით დამენიამ.
მანვე განმარტა, როგორ შეიძლება წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება.
“რაც შეეხება ნაძვის ხის კანონიერი გზით მოპოვებას, რამდენიმე მიმართულებაა: ერთია სანერგეებიდან და პლანტაციებიდან მოპოვება ( ამ მიმართულებით ქვეყანაში სანერგე და პლანტაციური მეურნეობები ვითარდება), იმპორტირებული ნაძვის ხე, ასევე, საკუთრებაში არსებული ნაძვის ხეები.
წიწვოვანი მერქნული რესურსი ჩვენი ქვეყნის მერქნული რესურსის მხოლოდ 16 %-ს შეადგენს. ქვეყანაში ისედაც ძალიან მწირი რესურსია და წიწვოვნების უკანონო გზებით შემცირება ქვეყნისთვის ძალიან ცუდ ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს. ერთი ნაძვის ხის გაზრდას არ სჭირდება 5 და 10 წელი, არამედ მის სრულად ჩამოყალიბებას ათწლეულები და ასწლეულები შეიძლება, დასჭირდეს. როცა ნაძვის ხის გადაჭრა, მისი ამ მეთოდით დაზიანება ხდება, ეს ხშირად ნაძვის სრულად განადგურებას იწვევს, მას სასიცოცხლო ფუნქცია ეკარგება, შეიძლება, გადარჩეს, მაგრამ ისეთ ტყის მასივს ვერ შექმნის, როგორიც უნდა იყოს, ისეთი ჯანსაღი გარემო ვერ იქნება, როგორიც უნდა ყოფილიყო. უნდა გვახსოვდეს, რომ არ მხოლოდ გადაჭრა, არამედ ტოტის მოტეხვაც ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური გარემოსთვის დამაზიანებელია”, – განაცხადა დამენიამ.