პრემიერი: 2012 წელს შსს-ს ბიუჯეტი იყო 675 მლნ ლარი და 2024 წელს იქნება მილიარდ 260 მილიონი, აქაც გვაქვს 115%-იანი მატება ბოლო 11 წელიწადში
2012 წელს შსს-ს ბიუჯეტი იყო 675 მლნ ლარი და 2024 წელს იქნება მილიარდ 260 მილიონი, აქაც გვაქვს 115%-იანი მატება ბოლო 11 წელიწადში,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, პოლიციელების ხელფასების ზრდა დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება, ბოლო ორ წელიწადში სახეზეა 50%-იანი ზრდა.
„რა თქმა უნდა, პოლიციელების ხელფასების ზრდა დაიწყო და კიდევ უფრო გაგრძელდება მომავალშიც. აქაც, ჩვენ გვაქვს სახეზე 50%-იანი მატება ხელფასების სულ რაღაც ბოლო ორ წელიწადში. მნიშვნელოვანი იყო ის შენაძენები, შესყიდვები, რომელიც განახორციელა სამინისტრომ. ვგულისხმობ ვერტმფრენების შეძენას. სამი ვერტმფრენი იქნა შეძენილი და 2024 წელს სამივე ვერტმფრენი იქნება მოწოდებული. განახლდა სრულად ავტოპარკი, 1000 ზე მეტი ავტომობილი იქნა შეძენილი ბოლო 2 წელში, შეიძლება ასე ითქვას, 3 წელში. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის განვითარება. 2012 წლამდე საზღვარგარეთ გვყავდა პოლიციის 4 ატაშე და ახლა ჩვენ გვყავს 18 ატაშე, რომელიც ფარავს 36 სახელმწიფოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საპოლიციო თანამშრომლობისთვის ევროპოლთან და ნატოსთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ასევე. ჯამურად, საპოლიციო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა დაახლოებით 500 მლნ ლარზე მეტი ბოლო 10 წელიწადში. რა თქმა უნდა, განახლდა პოლიციის შენობები, ასევე ბაზები, ადმინისტრაციული შენობები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასაზღვრო პოლიციის 27 სახმელეთო სასაზღვრო სექტორი აშენდა-ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და აქაც ეს პროცესი რა თქმა გაგრძელდება. შენდება ბაზები, ჩვენი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის და რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო პოლიციაში გატარებული წარმატებული რეფორმის შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტს, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ბიუჯეტი იყო 675 მლნ ლარი და 2024 წელს იქნება მილიარდ 260 მილიონი. აქაც გვაქვს 115%-იანი მატება ბოლო 11 წელიწადში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხებოდა პოლიციელების პენსიებსა დ კანონით განსაზღვრული 560-ლარიანი მაქსიმალური ზღვრის ლიმიტი აწევას 1000 ლარამდე და ვფიქრობ, ეს კიდევ უნდა გაიზარდოს. „პოლიციის ქალაქზე” უკვე მოგახსენეთ. 1000-მდე პოლიციელი ბინას მიიღებს 2024 წელს, 2025 წელს მაქსიმუმ, ქალაქ თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და ეს პროცესი ასევე გაგრძელდება, რომ უფრო მეტად წამახალისებელი იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.