გაიზრდება თუ არა ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური – „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტება
„ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, დადგა საჭიროება, რომ ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ტექინსპექტირების რეფორმა უკვე 5 წელია, მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში პირველადი ინსპექტირების საფასური არ გადახედილა. ვიცით, რომ ყველანაირი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილთან, სახელმწიფო სერვისებს ვგულისხმობ, ფაქტობრივად, რამდენჯერმე გაზრდილია. თავად ტექინსპექტირების ცენტრებს ინფრასტრუქტურის განახლებასთან დაკავშირებით გარკვეული ინვესტიციების ჩადება უწევთ, 5 წლის გასვლის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ის ტექნიკური ბაზა, რომლითაც ცენტრები ოპერირებენ, გასაახლებელია, მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად მუდმივად დგება საჭიროება, დამატებითი ინვესტიციები ჩადონ, მოწყობილობები განაახლონ.
ასევე, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა პერსონალის გადინებაა. პერსონალის გადინების მაჩვენებელი, დაახლოებით, 60 %-ია. ტექინსპექტირების ცენტრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტირება გამოცდილი კადრების მეშვეობით ხდებოდეს. ინსპექტორად ჩამოყალიბების გზა მარტივი არ არის, გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ პირმა, ვისაც ინსპექტორად მუშაობა სურს, კვალიფიკაცია აიმაღლოს. ადეკვატური ანაზღაურების გარეშე ღირებული კადრების შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დადგა საჭიროება, რომ ტექინსპექტირების საფასური გადაიხედოს. ამის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, გარკვეული კვლევები და ანალიზები აუცილებლად ჩატარდება. თუ რაღაც დონეზე ტექინსპექტირების საფასური გადაიხედება, ეს სექტორს ძალიან წაადგება. რთული სათქმელია, რამდენით შეიძლება, საფასური გაიზარდოს. ამის თაობაზე კონსულტაციები მიდის, ანალიზიც ტარდება. ალბათ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ის მინიმალური რაოდენობა დაემატება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტი შენარჩუნდეს” – განაცხადა შიოლაშვილმა.