ალუდა ღუდუშაური: სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში გამოიხატება
მმართველი გუნდის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, არსებობს სამართლიანი მოლოდინი რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
მისივე თქმით, საქართველო სტატუსს ბევრად ადრე იმსახურებდა.
,,სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს, რაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაში გამოიხატება.
ევროკომისიამ თქვა, რომ ქვეყანას სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის და ჩვენ ამ რეკომენდაციის გათვალისწინების იმედი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამართლიანი დასასრული, რადგან საქართველო არამც თუ ახლა, არამედ გაცილებით ადრე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ნაწილი ვართ. არ გვინდა, რომ სპეკულაციებში შევიდეთ. ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები კეთდება, როცა ე.წ. ექსპერტები თუ ოპოზიციის რადიკალი წარმომადგენლები რატომღაც აღტკინებით საუბრობენ დაბლოკვის თემაზე. ერთი წლის წინ სამეულთან მიმართებით საქართველოსთვის უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ. დღეს, გვესმის, რომ თურმე, ეს ერთი პაკეტია. სინამდვილეში, არც სამართლებრივი და არც ლოგიკური ბმაა ერთმანეთთან. ვინც ფულს იხდიდა იმაში, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო, მათგან ეს ყველაფერი არ გვიკვირს“,- განაცხადა ღუდუშაურმა.