ვახტანგ მახარობლიშვილი: ქართული მხარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ყურადღებას გაამახვილებს პირველ რიგში იმ პროცესზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთანაა დაკავშირებული

„ქართული მხარე მინისტერიალზე ყურადღებას გაამახვილებს პირველ რიგში იმ პროცესზე, რეფორმებსა და მოლოდინზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან”,- ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობას მისი სამომავლო საქმიანობის ახალი ხედვა ესაჭიროება.
,,ამავდროულად, სხდომის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს იმ ახალ ინიციატივებსა თუ პროექტებზე, რომლებმაც შესაძლოა აღმოსავლეთ პარტნიორობას ახალი ფუნქცია და როლი შესძინოს იმ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობას მისი სამომავლო საქმიანობის ახალი ხედვა ესაჭიროება. ქართულ მხარეს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა თუ რა შეიძლება იყოს ეს ინიციატივები და პროექტები. ეს არის, მათ შორის, დაკავშირებადობა, ციფრული კავშირები და გარკვეულწილად უსაფრთხოების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რაც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში და აუცილებლად გაჟღერდება ქართლი მხარის მიერ“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები