შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია სააკაშვილის ხელში
“არ ვიცი ის გაემგზავრა თუ არა უკვე ჩეხეთში, მედიიდან ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს იქნება პირდაპირი, ღია და უხეში დარღვევა არამხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი ინსტრუმენტია მიხეილ სააკაშვილის ხელში.
„ასეთი რამ საქართველოს 30-წლიან ისტორიაში არავის არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილსაც კი, რომელმაც დანაშაულები ჩაიდინა. მასაც კი, საჯაროდ, ღიად ფეხქვეშ არ გაუთელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის პირდაპირი უპატივცემულობა ქართველი ხალხის, სახელმწიფო მოწყობის ფეხქვეშ გათელვა. თუკი ის ღიად, განზრახ არღვევს კონსტიტუციას სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, მას აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის მიმართ არ დაირღვეს კონსტიტუცია. ამ სამწუხარო ჩიხში შეჰყავს მას საქართველოს სახელმწიფო მოწყობა, ეს არის პირდაპირი მტრობა ქართული სახელმწიფოს, როდესაც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი გააზრებულად არღვევს კონსტიტუციას. ეს პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, ის ამ პოზიციას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ინარჩუნებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა იმპიჩმენტის პროცესი. „ნაცმოძრაობის“ მიზანია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და სალომე ზურაბიშვილი მათთვის არის ინსტრუმენტი სააკაშვილის ციხიდან დახსნისთვის. სწორედ ეს არის მათი თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ასე რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი მათ შორის ამ ღონისძიებებით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი სააკაშვილის ხელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.