გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
“საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე შეხვედრა გამართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანი იყო ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ადრეული ქორწინებისა და სხვადასხვა მიმართულებით ქალთა გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
„შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს იმ მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს გააჩნია, რომ მაქსიმალურად დაიცვას მსხვერპლი და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტის პრევენცია მოახდინოს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. მან საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევის მხრივ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული ნიშნით კიბერძალადობაზე.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Mercy Corps-ის წარმომადგენლებმა ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერებაზე ისაუბრეს.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.