რობინ დანიგანი: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა
ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესა და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელჩმა აღნიშნა, რომ პატრიარქთან შეხვედრა ამაღელვებელი იყო.
„ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა.
მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ინფორმაციისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.