გია ცაგარეიშვილი: დარჩენილია რამდენიმე დღე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მივიღებთ
დარჩენილია რამდენიმე დღე, ჩვენ კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მივიღებთ და ძალიან დიდი მცდელობა ჩვენი ოპონენტების, რომ ქვეყანას ეცხოვრა აღქმებით და არა ფაქტებით, წარსულს ჩაბარდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ოპონენტები ხალხს არწმუნებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპულ გზას გადაუხვია.
„თავის დროზე დიდი ზარ-ზეიმით გვაუწყეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ე.წ. ტროიკა დაიშალაო და ჩვენ თითქოს, ერთი ნაბიჯით გაგვასწრო მოლდოვამ და უკრაინამ. ახლა ისევ ისევ დაგვაკავშირეს მოლდოვასთან და უკრაინასთან და საზოგადოებას აუწყეს, თუ ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას კონსოლიდირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ეს უნდა ეხებოდეს სამივე ქვეყანასო. ახლა ისევ სამეულში მოიაზრა ქვეყანა ოპოზიციამ. სიმართლე ისაა, რომ უნგრეთს ახლა აქვს დებატი ევროსაბჭოში. ხვალ ბატონი ორბანი ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბატონები გაარკვევენ, ჩამოაყალიბებენ თავიანთ კონსოლიდირებულ ერთიან პოზიციას და რა თქმა უნდა, ეს საქმე კეთილად დასრულდება სამივე ქვეყნისთვის, როგორც მოლდოვისთვის ისე უკრაინისა და საქართველოსთვის“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.