ქალაქ განჯაში ქართული პოეზიის კლასიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოეტის დაბადებიდან 206-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქართველი კლასიკოსი მწერლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. გახსნაზე მიწვეული იყვნენ მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე და დირექტორის მოადგილე არჩილ ძიძიგური.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, ქალაქ განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური ნიაზი ბაირამოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის ქალაქ განჯის მაჟორიტარი დეპუტატები – მუშფიქ ჯაფაროვი და ფერვინ ქერიმზადე, საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი. აგრეთვე, ქ. განჯაში საქართველოს ვიცე-კონსული შოთა დოლიძე, ქ. განჯაში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული რეჯეფ ოზთოფი და ქალაქ განჯის საზოგადოების წარმომადგენლები.
ბიბლიოთეკას, რომლის კედელზეც პოეტის მემორიალური დაფა გაიხსნა, მწერალთა სახლისგან საჩუქრად ნიკოლოზ ბარათაშვილის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, ლექსების საიუბილეო კრებული გადაეცა საჩუქრად.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ; ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში, რისი დასტურიც ეს ისტორიული მოვლენაა.
ღონისძიებაზე გაიმართა ქართული და აზერბაიჯანული სიმღერებისა და ცეკვების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. განჯის და ქ. კახის შემსრულებლებმა.
დასასრულ მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების აზერბაიჯანულენოვანი თარგმანი.
ნიკოლოზ ბარათაშვილი 1844-1845 წლებში აზერბაიჯანის ქალაქებში – ნახიჩევანსა და განჯაში მოღვაწეობდა, სადაც 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი პოეტი 48 წლის განმავლობაში ქ. განჯაში იყო დაკრძალული, საიდანაც1893 წელს გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. სამშობლოში დაბრუნებული პოეტის დაკრძალვა თბილისში ნამდვილ ეროვნულ მსვლელობად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები