„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ კონცერტები სრული ანშლაგით გაიმართა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა“…
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში და რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ ატარებს.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ აცნობა, ფესტივალი, 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, იტალიური ბაროკოს კონცერტით გაიხსნა. ნოემბერში კი, ფესტივალმა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გადაინაცვლა და საფესტივალო კონცერტები 30 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა.
„10 ნოემბერს, უკვე ტრადიციულად ქცეული „ქართულ-ევროპული საეკლესიო მუსიკის“ კონცერტი ჩატარდა, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მსმენელების წინაშე, ანსამბლი „სახიობა“, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, სოლისტები: ანა ონიანი (სოპრანო), მარგარიტა ცინცაძე (მეცო-სოპრანო), გურამ პაატიშვილი (ტენორი), ლევან ტაბატაძე (ბანი) და გერმანელი დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი წარდგნენ. კონცერტის პირველ განყოფილებაში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა, ხოლო მეორე განყოფილებაში, პირველად საქართველოში, კალდარა/ზელენკას „განგების მესა“ შესრულდა“, – გვითხრა თეა მუქერიამ.
15 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, საოპერო მუსიკის მოყვარულებისთვის, კონცერტი – OPERA GALA გაიმართა. კონცერტზე, როგორც საორკესტრო ნაწარმოებები, ასევე საოპერო არიები და დუეტები შესრულდა. ამ საღამოს, ფესტივალის სტუმრები იყვნენ მოწვეული მუსიკოსები აზერბაიჯანიდან: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და ეიუბ გულიევი (დირიჟორი).
როგორც თეა მუქერია ამბობს, 24 ნოემბერს იყო განსაკუთრებული საღამო, სადაც ჟღერდა მუსიკით მოყოლილი „დონ კიხოტის” თავგადასავალი, მე-18 საუკუნის ევროპის ისტორიული „ბატალია“ და მუსიკალური გასეირნება ღამის მადრიდის ქუჩებში. ეს ყველაფერი კი, ზურა ბალანჩივაძის (ზურიუსი) ხალისიანი თხრობით, „საქართველოს სინფონიეტას“ მომაჯადოებელი შესრულებითა და მუსიკალური თავგადასავლებით სავსე, ბაროკოს მუსიკის ზღაპრული კონცერტი იყო სპეციალურად ბავშვებისთვის.
ფესტივალის მასპინძელი ორკესტრისთვის, 27 ნოემბრის კონცერტი, რომელიც ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორის, გეორგ ფილიპ ტელემანის შემოქმედებას დაეთმო, მეტად მნიშვნელოვანი იყო. ამ საღამოს, „საქართველოს სინფონიეტას“ სოლისტებმა, ფესტივალის მოწვეულ გერმანელ სტუმრებთან: მევიოლინე ქრისტინე ბუშთან და კლავესინისტ იორგ ჰალუბეკთან ერთად ტელემანის მუსიკა შეასრულეს.
მრავალფეროვანი კონცერტების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები და საჯარო ლექციები. საჯარო ლექციები, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, სხვადასხვა მუზეუმში გაიმართა.
„16 ნოემბერს, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ მალხაზ ერქვანიძის საჯარო ლექცია – „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადატანის პერიპეტიები და ქართული სამუსიკო სისტემა“ გაიმართა.
20 ნოემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გვანცა ღვინჯილიას საჯარო ლექციაზე „ი.ს. ბახი – Matthäus-Passion“ ჩატარდა.
25 ნოემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, საგუნდო დირიჟორისა და მუსიკოლოგის, შიო აბრახამიას საჯარო ლექცია – „ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის ევროპული გზა“ გაიმართა და ამ შეხვედრით, ფესტივალის საჯარო ლექციათა ციკლიც დასრულდა.
ფესტივალი საზეიმოდ, 30 ნოემბერს დაიხურა და დასკვნით კონცერტზე, „საქართველოს სინფონიეტამ“, სოლისტებთან: ქრისტინე ბუშთან (ვიოლინო) და იორგ ჰალუბეკთან (კლავესინი) ერთად ლეკლერის, ტელემანის, ბახისა და პერსელის მუსიკა შეასრულეს.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ კონცერტები სრული ანშლაგით ჩატარდა და აუდიტორიის, არა მხოლოდ მოწონება, დიდი აღტაცებაც კი დაიმსახურა. ფესტივალი, ერთი წლით დაემშვიდობა თავის ერთგულ მსმენელს და როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მეტად მასშტაბური და მრავალფეროვანი საიუბილეო ფესტივალით დაგვიბრუნდებიან 2024 წელს“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.