გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კოდექსი 2015 წელს მიიღეს და იგი სრულად შეესაბამება ევროკავშირის ყველა დირექტივას ნარჩენების მართვის სფეროში. კოდექსმა მაშინ დაადგინა სპეციფიკურ ნარჩენებთან მოპყრობის წესებიც, კერძოდ, შემოიტანა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელი პროდუქტების მწარმოებელმა უნდა დაიცვას წესები და მოთხოვნები, მათ შორის, ნარჩენების გადამუშავებასთან მიმართებით.

„ჩვენ მივიღეთ მთავრობის დადგენილებები კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. ტექნიკური რეგლამენტები შეეხება ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორიცაა ბატარეები, აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ასევე გამოყენებული ზეთები. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პრინციპები, რაც წარმოების გაფართოებული ვალდებულების სისტემის ფუნქციონირებას შეეხება, გვქონდეს საკანონმდებლო დონეზე დადგენილი. სწორედ ამის გათვალისწინებით შევიმუშავეთ კოდექსში ცვლილებები. პრაქტიკამ ასევე გამოავლინა, რომ გვჭირდება ე.წ.რეციკლირების წინასწარი შენატანი”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცვლილებების თანახმად, კოდექსს ემატება სანქციები იმ დარღვევებისათვის როდესაც ნარჩენების მფლობელი ნარჩენს არაუფლებამოსილ პირს სამართავად გადასცემს, ცვლილებით სანქციები ემატება ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევისათვის.

მომხსენებლის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ასევე საჭირო გახდა „ნარჩენების მართვის კოდექსის” ცალკეული მუხლების ტექნიკური/ტერმინოლოგიური დახვეწა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევებისთვის დადგინდება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს მგვ-ს სისტემის ეფექტიან დანერგვას. ასევე, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი კონკრეტული მოთხოვნების დარღვევის ან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაწესდება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტებთან და ბიზნესთან ერთად, ჩვენ თანდათანობით მივდივართ ნარჩენების მართვის კოდექსის სრულყოფამდე. ეტაპობრივად, ყოველწლიურად, ყოველი შემოთავაზებული ცვლილებით ხდება ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება და ვფიქრობ, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა სულ მალე ელოდება მართლაც ისტორიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ, ყველა გაგებით, მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით უნდა მოვეკიდოთ იმ ახალ ცვლილებებსა და რეგულაციებს, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში საკითხების მოწესრიგებას გარემოსდაცვითი და, განსაკუთრებით, ნარჩენების კუთხით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა.

კომიტეტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები