დავით უსუფაშვილი: მჯერა, რომ არავის უჩნდება შეკითხვა, საჭიროა თუ არა ოპოზიცია
დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარესთან, ანკე ბროკერს-კნოლთან ერთად, თემაზე “უმრავლესობა და ოპოზიცია – ბალანსის დამყარება დემოკრატიაში“, პრეზენტაცია წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი სამ ძირითად მიმართულებაზე: ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ბალანსის დაცვის, საშინაო, საერთაშორისო და ადამიანურ საკითხებზე გააკეთა.
“მჯერა, რომ არავის უჩნდება შეკითხვა, საჭიროა თუ არა ოპოზიცია. მაგრამ, როდესაც გადავხედავთ ქვეყნების გამოცდილებას, საერთო პრობლემებს ვიპოვით, თუ რატომ არ არის ეს ბალანსი დაცული. პირველ რიგში, შეუძლებელია ბალანსის მიღწევა მოცემულ საზოგადოებაში, თუ არ არის ეს ბალანსი დაცული მდიდარსა და ღარიბს, ქალსა და კაცს, შავკანიანსა და თეთრკანიანს, სოფელსა და ქალაქს შორის“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, პრობლემას ქმნის მონოპოლია სიმართლეზე. “ეს არის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაავადება, სადაც მონოპოლია სიმართლეზე კომუნისტურ პარტიას ჰქონდა და ეს ოფიციალურად და კონსტიტუციურად იყო აღიარებული. სამწუხაროდ, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სხვადასხვა იდეოლოგიის მიმდევრები ცდილობენ, ეს მონოპოლია მოიპოვონ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.