ბექა ოდიშარია: არაკონსტიტუციური იქნება, თუ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ, აიღონ ახლებური ელექტრონული პირადობები, არ მივცემთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას
პროცესი ისე უნდა განვითარდეს, რომ გაუქმდეს ყველა ძველი პასპორტი, პირადობა, მათ შორის, ლამინირებული და ეს ასეც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, არაკონსტიტუციური იქნება, თუ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ, აიღონ ახალი ელექტრონული პირადობები, არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება.
“უბრალოდ, არაკონსტიტუციური იქნება, თუ ჩვენ იმის გამო, რომ ადამიანებს გარკვეული რელიგიური ან სხვა პრინციპული მოსაზრებებით არ სურთ აიღონ ახლებური ელექტრონული პირადობები, არ მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.