სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიც არის შეფასებული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული სიტუაცია 2021 წელს იყო მშვიდი და სტაბილური, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა, რომელსაც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული პირები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია და მისი კონტრტერორისტული განყოფილება რეგულარულად განაგრძობს წვრთნას და აღჭურვას საერთაშორისო პარტნიორების და შიდა სწავლების მეშვეობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები