ჯეიმს აპატურაი: საქართველო ნატოს წევრობისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოემზადოს
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოემზადოს საქართველო ნატოს წევრობისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ “მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი იმკომენტარებს გამოეხმაურა, რომელიც ექსპერტთა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დეკლარაციას მოჰყვა. კერძოდ, იმ ნაწილს, სადაც ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზეა საუბარი. ჯეიმს აპატურაის არ ესმის, რატომ მოხდა ინტერპრეტაცია და ფრაზების არასწორად გაგება.
“მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ძალიან ყურადღებით იყურება კომუნიკეში, რომელი ინდივიდუალური სიტყვა რას შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან შორს არ უნდა წავიდეთ. ალიანსის წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, არის ევროატლანტიკური საზოგადოებისა და სივრცის წევრი, საქართველოს მოქალაქეები არიან ევროატლანტიკური სივრცის მოქალაქეები. ნატოს წესდების მეათე მუხლში ვკითხულობთ, რომ ნატო ევროპული დემოკრატიებისთვის ღიაა. ჩვენ დავწერეთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ეს მიდგომა ნათელია და ეჭვების საფუძველს არ ტოვებს. რაც შეეხება კონფლიქტებს, ნატო აცხადებს, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ადამიანებს შესაძლებლობების გამოყენებაში ხელს უშლის, მაგალითად, მოგზაურობაში, ან ეკონომიკური და კულტურული შესაძლებლობებით სარგებლობაში, აქ პოლიტიკური თავისუფლებაც იგულისხმება. ასეთ შესაძლებლობებს სწორედ გაჭიანურებული კონფლიქტების გამო არიან მოკლებული ინდივიდუალური პირები დე ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ისინი ისე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, ევროატლანტიკური სივრცის მოქალაქეები არიან. სიტყვა „მოქალაქესთან“ დაკავშირებით ზედმეტ ინტერპრეტაციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და გააუქმოს ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდბლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა აპატურაიმ “მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.