პარტია მთლიანად დაშლილია, პარტია არ არსებობს, უბრალოდ სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პარტია წარსულის უმძიმეს ცოდვებთან ერთად, მავნებლობით არის დაკავებული.
„ახლა ერთმანეთს ებრძვიან და ეს ბრძოლაც არის ბიუჯეტიდან თავის დროზე მოპარული ფულისა და გავლენებისთვის ბრძოლა, რადგან სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“, ამ არარსებულ პარტიასაც კი რაღაც რეიტინგები შემორჩენილი აქვს. დრამატულად ეცემა მათი რეიტინგი, თუმცა გარკვეული გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია, ასევე ბრძოლაა იმისთვის, სააკაშვილის კარზე ვინ მეტ ქულას დაიწერს. ეს პარტია იმის გარდა, რომ წარსულის უმძიმესი ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს უკვე მავნებლობით არის დაკავებული და თუკი მავნებლობის ხარისხს ხანდახან ამცირებენ ხოლმე, იმიტომ, რომ შიდა დაპირისპირებით და მავნებლობით არიან დაკავებულები. თუმცა, კარგია ეს, რადგან, რაც უფრო მეტი ასეთი ამბავი მოხდება „ნაცმოძრაობაში“, მით უფრო კარგად გამოჩნდება მათი სახე და საზოგადოება ამას უყურებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.