რატი იონათამიშვილი: მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს გამოხატავს მთელ იმ ტრაგედიას, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი “ნაციონალურ მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ “ფორმულას” ეთერში არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა.
“მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს გამოხატავს მთელ იმ ტრაგედიას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და იმ ტრაგედიას, რომელიც დაიმსახურა ამ პარტიამ თავისი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო.
როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა. ძალიან კარგია და ეს ყველაფერი აისახება იმ შედეგებზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააქრობს ქართული პოლიტიკიდან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.