კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა
კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი მიიღებს სპეციალურ ბენეფიციარის სტატუსს და მიენიჭება უფლება, მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები; ეროვნულ დონეზე გაიზრდება მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების რაოდენობა ადგილობრივი ავტორიზებული პირის მიერ რეპროდუცირებისა და უკვე რეპროდუცირებული მასალის სხვა სახელმწიფოდან იმპორტის საშუალებით.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს არის გამჭოლი ფუნქციის მატარებელი კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება როგორც შშმ პირებს, ასევე კულტურის სფეროს.
„ერთი მხრივ, კულტურის ნაწარმოებებზე შშმ პირების წვდომა გაიზრდება და მეორე მხრივ, შესაძლებელია, კულტურის სფერო გააძლიერონ შშმ პირებმა. ეს გახლავთ მარაქეშის შეთანხმება და მისგან გამომდინარე საკითხების დარეგულირება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით. რაც შეეხება მარაქეშის შეთანხმების მხარედ საქართველოს გახდომას, ამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება”, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.