„ჰამასმა“ ღაზაში ჰუმანიტარული ზავის გარანტიები დაასახელა

ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბასემ ნაიმმა ტელეარხ Al Araby-ის ეთერში განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ზავის გარანტიები კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები არიან.

მანამდე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯიდ ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ ოთხდღიანი ჰუმანიტარული ზავი ღაზის სექტორში ისრაელსა და პალესტინის მოძრაობა „ჰამასს“ შორის პარასკევს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე ამოქმედდება.

„ღაზაში ჰუმანიტარული ზავი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ჩვენი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად… კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები, რომლებიც ამ მოლაპარაკებების ნაწილი იყვნენ, ღაზაში ჰუმანიტარული ზავის გარანტი არიან“, – თქვა ნაიმმა Al-ზე.

მოძრაობის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ ჰუმანიტარული ზავის მისაღწევად ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები გაიარა.

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“, კატარის შუამავლობით, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ოთხშაბათს, 22 ნოემბერს პირველ ფართომასშტაბიან შეთანხმებას მიაღწიეს.

მხარეები ერთმანეთის ათეულობით მძევლისა და დაკავებულის გაცვლის მიზნით საომარი მოქმედებების ოთხი დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები