გურამ გურამიშვილი გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ტრანსპორტის სამმართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს განიხილეს პროგრამის „ავტომობილებისა და ავტონაწილების წარმოებასთან დაკავშირებით გაეროს 1958 წლის შეთანხმების საქართველოში დანერგვასა და პრაქტიკული განხორციელების” სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე, UNECE – ს სატრანსპორტო საშუალებების რეგულირებისა და ტრანსპორტის ინოვაციების განყოფილების უფროსი ვოლტერ ნისლერი, რეგიონალური მრჩეველი ნენად ნიკოლიჩი, ექსპერტი მარიუს დამაკი და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ანა პლატონოვა და სხვა ოფიციალური პირები.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გაეროს შეთანხმების ადგილობრივ კანონებთან იმპლემენტაცია საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, აწარმოოს სრულიად ახალი ტიპის სამრეწველო პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი თქმით, სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა საქართველოშივე ასევე განვითარდეს საავტომობილო სატრანსპორტო პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი ინფრასტრუქტურა, რომლის საქმიანობაც აღიარებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის საექსპერტო მისიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმით განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ავტომობილებისა და ავტონაწილების წარმოებასთან დაკავშირებით გაეროს 1958 წლის შეთანხმების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს ავტომობილებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების უფლებამოსილი ორგანოს, ტექნიკური სერვისის (ლაბორატორიის) და მწარმოებლის როლი მისი დამტკიცების პროცესში და განიხილეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაგალითები.
აღსანიშნავია, რომ გაეროს შეთანხმების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში 2022 წლის ოქტომბერში განხორციელდა ცვლილება. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2023 წლის 16 იანვრის N15 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე”, რომელიც 2023 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები