გიორგი ჩაკვეტაძე: ანეკდოტია, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს – საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ხდება
განათლებისა მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სტუდენტების სტაჟირების ანაზღაურებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ხაზარაძის ეს განცხადება „ანეკდოტია“.
„ანეკდოტია… მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის, სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.
შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე.