პატრიარქმა სამართლიანად აღნიშნა ხელისუფლების წვლილი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებაში. ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და თუ გავერთიანდებით, საქართველო ისე წინ წავა, ვერ იცნობთ, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის განცხადება აბსოლუტურად სამართლიანი იყო.
„როდესაც ქართველ ხალხზეა საუბარი, ქართველ ხალხში შედის როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და მოსახლეობაც. ყველა ერთად ვართ, ამიტომ ჩვენ ყველას მოგვცეს [პოზიტიური შეფასება]. პატრიარქმა რაც გააკეთა, აბსოლუტურად სამართლიანად გააკეთა [განცხადებაში აღნიშნა ხელისუფლების წვლილი ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებაში]. ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, შეიძლება ბევრმა ვერ იგრძნო, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და თუ ქართველები გავერთიანდებით, საქართველო ისე წინ წავა, ვერ იცნობთ. ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მიღების ვადებშიც გავასწრებთ უკრაინას და სხვა დანარჩენ ქვეყნებს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მიტროპოლიტის თქმით, დღეს რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფილიყო, თანამდებობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.
„უკრაინას ძალიან უჭირს, მაგრამ ომი რომ დაიწყო – უკრაინა, უკრაინა იძახეს [ოპოზიციამ]. საქართველო არ გიყვარს და უკრაინას როგორ შეიყვარებ?! თუ შენი დედა არ გიყვარს, სხვის დედას ხომ არ შეიყვარებ, არა?! ეგენი [ოპოზიცია] სკამის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, როგორ ფიქრობთ, რამე სასიკეთოს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის?! რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რაც დავიბადე, პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წელი გაძლო და მიხვდა, რომ მონური მორჩილება არ შეიძლება. საქართველომ დღეს თავისი ადგილი იპოვა და სხვათა შორის ჩინეთთან დადებულმა სტრატეგიულმა ხელშეკრულებამაც გამოაფხიზლა სხვა მხარეც. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩაიდება გინდ ამერიკიდან, გინდ ევროკავშირიდან“, – აღნიშნა ბოდბელმა მიტროპოლიტმა.