პარლამენტმა ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი ვიცესპიკერის პოსტზე აირჩია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცესპიკერის პოსტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატები – ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი აირჩიეს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცესპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდ ვიცესპიკერამდე გაიზარდა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცესპიკერები არიან: ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცესპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.

რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცესპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი – ავთანდილ ენუქიძე ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცესპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს – ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცესპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები