დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოსლოში პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონურმა მხარემ უელსის სამიტის დროს.
უსუფაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა პოლონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის ევროპული საბჭოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ტუსკის ახალ თანამდებობას, არამედ პოლონეთის, როგორც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოთამაშის როლს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მთლიანად კონცენტრირებულია უკრაინაზე, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში სწორ დროს ელოდება.
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა როგორც პოლონეთის, ასევე მთლიანად ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივები.