უმრავლესობის წევრებმა 2014 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

2014 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში.
ანგარიში დეპუტატებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6,0% შეადგინა, მან ასევე ისაუბრა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებისა და საშემოსავლო მაჩვენებლებზე.
ანგარიშის დეტალურად გაცნობის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც 44%-ითაა შესრულებული. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უმრავლესობის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის წინადადებას, რომ ცნობად მიეღოთ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში.
2014 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე ხვალ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დასკვნით სხდომას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები