გენადი არველაძე: ჩვენ შევიმუშავეთ კლასტერული განვითარების პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ქვეყანაში კლასტერული განვითარების შესაძლებლობათა ფართო ხედვას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხუთწლიანი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 5.1 მლნ ევროს ღირებულების პროგრამა 2019 – 23 წლებში ხორციელდებოდა და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით.

უშუალოდ პროგრამაზე საუბრისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო. „ჩვენ ვართ იმის მოწმე, თუ როგორ გარდაიქმნა საწყისი ინიციატივები სრულმასშტაბიან პროექტებად კონკრეტული სექტორებისთვის, რაც რეალურად ეხმარება კომპანიებს, მიიღონ აღიარება სხვადასხვა პარტნიორების მხრიდან. ამ პროგრამის ჩვენ გავაანალიზეთ 55-ზე მეტი კლასტერული მიმართულება და დავიწყეთ კლასტერული განვითარება შეფუთვის დიზაინის კუთხით, ნარგავების, ბიოფარმაცევტიკის და საზღვაო თევზჭერის სექტორებში; ასევე უზრუნველვყავით მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ტრენინგების, სახელმძღვანელოებისა და გრანტების მიმართულებით,” – განაცხადა გენადი არველაძემ. „ჩვენ დავინახეთ სწრაფი და უფრო ძლიერი გამოჯანსაღება კლასტერის წევრებისა პოსტპანდემიურ პერიოდში. გაიზარდა კლასტერის წევრთა რაოდენობა, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი შერჩეულ სექტორებში, რაც მიუთითებს კლასტერული მიდგომის პოზიტიური შედეგებისკენ,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირისა და GIZ-ის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კლასტერული განვითარების პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ქვეყანაში კლასტერული განვითარების შესაძლებლობათა ფართო ხედვას და ასევე ხაზს უსვამს, რომ კლასტერები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს უკეთესი თანამშრომლობისთვის, კოორდინაციისა და კონკურენციისთვის კერძო სექტორში.

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები